საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში დღეს, 7 ივლისს გაიმართა, რომელზეც ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“. დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ რიზა თუნა თურაგაიმ მოაწერეს ხელი.
რას გულისხმობს შეთანხმება, რომელიც 2 ქვეყანას შორის გაფორმდა
ამიერიდან ქართველი და თურქი მებაჟეები ინფორმაციას ელექტრონულად გაცვლიან, რაც ტვირთის გატარებას საზღვარზე ერთი დღიდან ერთ საათამდე შეამცირებს. შემოსავლების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და გაზრდის კონტროლის ღონისძიებების ეფექტიანობას.
„ერთობლივი საბაჟო კომიტეტის ფორმატში გვქონდა შეხვედრა. სადაც განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. თურქეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც გვაკავშირებს ძალიან სწრაფად მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად მოხდეს საბაჟო პროცედურების განხორციელება. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ოპერატიულ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლის სისტემებზე, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრის უსაფრთხოებას და ყველა საბაჟო სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონულ ფორმატში მიწოდების შესაძლებლობას. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“.
საბაჟო დერეფანში იქნება ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა ელექტრონული სისტემების მეშვეობით, სადაც მოხვდება წონის შესახებ ინფორმაცია, ფიტოსანიტარული სერტიფიკატის შესახებ ინფორმაცია, ინვოისების წინასწარი ურთიერთგაცვლა ელექტრონულ ფორმატში. ამას არ დასჭირდება დრო. წამიერად იქნება როგორც ჩვენი, ისე თურქეთის მხრიდან ხელმისაწვდომი.
მაგალითად, დღემდე ინფორმაციის გაცვლას ერთი სამუშაო დღე სჭირდება. ამ ღონისძიებების შემდეგ ეს იქნება წამიერად – ერთდროულად ნახავს ორივე მხარე ერთმანეთის ინფორმაციას“, – თქვა შეთანხმებაზე საუბრისას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.
თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის რიზა თუნა თურაგაის თქმით, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
„ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შეთანხმების საფუძველზე მოხდება ინფორმაციის გაცვლა და პროცედურების გამარტივება. ეს თავისთავად ხელს შეუწყობს იმას, რომ გაიზარდოს ტრანსპორტის მიმოსვლა.
სარფის საბაჟო არის ის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სადაც ყველაზე მეტი ტვირთის მიმოქცევა ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაზრდის არსებულ მონაცემებს. დღეის მდგომარეობით დღიურად 500-470 ტრაილერის გატარება ხდება. ჩვენი მიზანია, ამ შეთანხმების საფუძველზე დღიურმა გამტარუნარიანობამ 700-მდე მიაღწიოს.
ჩვენ უმოკლეს დროში განვახორციელებთ ამ პროექტს. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა შეადგენს 1.8 მილიარდ დოლარს, ხოლო ჩვენი პრეზიდენტის და თქვენი პრემიერ-მინისტრის დასახული მიზანი არის 3 მილიარდი დოლარი და ჩვენ გვჯერა, რომ ამ ციფრს მალე მივაღწევთ,“ – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ.
ახალი სისტემა უახლოეს დღეებში ამოქმედდება.
Batumelebi.netgazeti.ge