საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე მონეტარული პოლიტიკის შერბილებას უახლოეს სხდომაზე არ ელის. მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისთვის საჭირო ტენდენციები უკვე იკვეთება, თუმცა სავარაუდოდ ეს უფრო ზაფხულის შემდეგ მოხდება.
„გარკვეული ნიშნები არის უკვე, რომ შეიძლება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე დაიწყოს საუბარი, მაგრამ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც უახლოეს წარსულში აკეთებდა ეროვნული ბანკი, რთულია ვივარაუდოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება უახლოეს სხდომაზე მოხდება. თუმცა, ის ტენდენციები რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ინფლაციის შემცირება, იძლევა უკვე იმ ნიშნებს, რომ ზრდაზე ნამდვილად არ იქნება საუბარი.
ლარში სესხები პირდაპირ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეა მიბმული. ახლა ველოდებით, როდის ექნება საშუალება ეროვნულ ბანკს, რომ შეამციროს განაკვეთი. მოლოდინი იყო, რომ ქმედითი ნაბიჯი სებ-ის მხრიდან ზაფხულის შემდგომ გადაიდგმებოდა, ეს პროგნოზი გაკეთდა კიდეც, მაგრამ უფრო ადრეც შეიძლება დაიწყოს აღნიშნული პროცესი“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 1 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მომდევნო სხდომა 29 მარტს არის ჩანიშნული.