2023 წლის იანვარში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 6.95 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 642.2 მლნ ლარით შემცირდა) და 43.7 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება სესხებს, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.3%-ით გაიზარდა.
„სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 18.9%-ით გაიზარდა, ძირითადად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით. კერძოდ, იანვარში წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 255.2 მლნ ლარით (1.3%-ით) გაიზარდა და 19.7 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად სამთავრობო სექტორის დეპოზიტების მატებამ გამოიწვია. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით, 126.8 მლნ დოლარით შემცირდა, რაც ძირითადად იურიდიული პირების დეპოზიტების კლებას უკავშირდება. იანვარში, სამთავრობო სექტორის დეპოზიტების 682.4 მლნ ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით გაიზარდა და 6.47% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და 8.5% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ დეპოზიტებზე პრაქტიკულად არ შეცვლილა და 0.8% შეადგენს. უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით შემცირდა და 55.0%-ს შეადგენს“, — აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
სებ-ის ინფორმაციით, იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პპ-ით მოიმატა და 44.7%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით გაიზარდა და 61.0%-ს შეადგენს, ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 0.7 პპ-ით 30.7%-მდე გაიზარდა.
„სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 1.2 პპ-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპის მატება მეტწილად უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. იანვარში ლარით დაკრედიტება წლიურად 16.6%-ით, 24.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.3 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 10.1%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპის მატება ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია იპოთეკური სესხების ზრდის ტემპიც. შემცირებას განაგრძობს სამომხმარებლო სესხების ზრდა.
მიმდინარე წლის იანვარში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით შემცირდა და 12.9% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.8 პპ-ით 17.0%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით შემცირდა და 7.4% დონეზეა“, — ნათქვამია თვის მიმოხილვაში.