საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ევროპელები ენერგიის გადასახადებში მომავალ წელს დამატებით 350 მილიარდ ევროს გადაიხდიან. მაღალი ფასის შენარჩუნების საფრთხეს საწვავსა და ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა ქმნის.
კოსტას სკრეკასის განცხადებით, ახალი მექანიზმი, რომელიც ფასების ზრდისგან ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისა და საშუალო ზომის ბიზნესის დაცვას უზრუნველყოფს ევროკავშირის დონეზე უნდა შეიქმნას. უნგრეთის და ესპანეთის ოფიციალურმა პირებმა ბრიუსელში გარემოს დაცვის მინისტრების შეხვედრაზე ასევე გამოთქვეს შეშფოთება ნახშირბადის ემისიის ბაზრებზე ბოლოდროინდელი არასტაბილურობის გამო.
ევროპის ენერგეტიკული კრიზისი ეროვნულ ბიუჯეტებს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც მას ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ გამოწვევად აქცევს. ენერგოკრიზისი, ომიკრონის ვარიანტის გავრცელების პარალელურად, ასევე აძლიერებს ინფლაციას.
თავის მხრივ, ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა იაფ განახლებად ენერგიაზე გადასვლის აუცილებლობა. ოქტომბერში კომისიამ ასევე წარადგინა მისაღები ზომები, რომელიც ეროვნულმა მთავრობებმა, შესაძლოა, მოქალაქეების დასახმარებლად გამოიყენონ.
ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა ბუნებრივი აირის გლობალური მიწოდების შეზღუდვას, შემცირებულ მარაგებს, ასევე სამხედრო დაძაბულობას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე და განახლებადი ენერგიის შეფერხებებს უკავშირდება. ევროპის ბუნებრივი აირის ფიუჩერსები წელს დაახლოებით 600%-ით გაიზარდა.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"