საბერძნეთი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებს ეძებს და შიდა მოპოვების გაზრდას გეგმავს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციაა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებაზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
2022 წლის მდგომარეობით, საბერძნეთი ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის 40%-ს რუსეთისგან იკმაყოფილებს. ათენში ამ წილის შემცირებას შიდა რესურსებით იმედოვნებენ, რაც კრეტიდან, იონისა და ეგეოსის ზღვებიდან მოპოვების ზრდას ითვალისწინებს. „ჩვენი ქვეყნის ეროვნული ენერგორესურსების ექსპლუატაციის დაჩქარება ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების საშუალებას მოგვცემს“ - განაცხადა მიცოტაკაისმა.
რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ მკაცრ სანქციებში ენერგეტიკული სფერო ჯერ ვერ მოხვდა. მართალია შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა რუსული ენერგორესურსების იმპორტი აკრძალეს, მაგრამ მათი წილი მცირეა. ევროკავშირმა ემბარგო მხოლოდ ქვანახშირზე დააწესა, რაც რუსეთისთვის არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენს, მაგრამ დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. რუსული გაზის ერთ-ერთმა მსხვილმა შემსყიდველმა პოლონეთმა უკვე განაცხადა, რომ 2023 წელს გაზპრომთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.