საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, უბედური შემთხვევის მიზეზი „ადამიანური ფაქტორია“. დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. თუმცა, ეჭვმიტანილი ბრალეულობას არ აღიარებს და ინციდენტს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს. მომხდარის გამო თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი.
Hellenic Train-ის თქმით, ორივე მატარებელში სულ 354 ადამიანი იმყოფებოდა. სატვირთო მატარებელში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო სამგზავრო მატარებელში ეკიპაჟის 12 წევრი და 342 მგზავრი.
ტრაგედია შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ათენიდან თესალონიკში მიმავალი სამგზავრო მატარებელი სიჩქარით სატვირთო მატარებელს შეეჯახა, რომელიც გაურკვეველი მიზეზით იმავე ლიანდაგზე დასრულდა. მომხდარზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება, არიან დაკავებულები.
საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მიცვალებულებს საჯარო ხარჯებით დაკრძალავენ.