საბერძნეთში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილი ვილა გაძარცვეს.
ბერძნული მედიის ცნობით, წაღებულია 90 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, ძირითადად სამკაულები.
კუნძულ მიკონოსზე, კუნოუპის რაიონში მდებარე ვილა ბაჩიაშვილმა მეგობრებთან ერთად დაახლოებით 1 საათით დატოვა, რა დროსაც სახლში მძარცველები შევიდნენ. ამის შესახებ ბერძნულ ონლაინ გამოცემას (cycladeslive.gr) თავად ბაჩიაშვილმა უამბო. ბაჩიაშვილმა ბერძნულ მედიას უთხრა, რომ პოლიციამ ანაბეჭდები უკვე აიღო და რომ ძვირფასეულობის დაბრუნების იმედი აქვს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ, საძინებელში აღმოაჩინეს ძვირფასეულობით სავსე საცავი და სრულად წაიღეს.
როგორც ბერძნული გამოცემა წერს, ეს არ არის მიკინოსის ამ რაიონში, ვილის ძარცვის პირველი შემთხვევა. გამოძიება გრძელდება.
მომხდარის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალური ქსელშიც დაწერა — „მიკონოსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოველ ზაფხულს. სამწუხაროდ, მისი უსაფრთხოება ბოლო წლებში გაუარესდა. 3 დღის წინ რამდენიმე, მათ შორის ჩვენი, ვილა გაძარცვეს… მძარცველებმა პირადი ნივთები და ძვირფასეულობა წაიღეს. საბედნიეროდ, ყველა უსაფრთხოდაა, შემოჭრილები არავის დაუნახავს“, — წერს ის „ინსტაგრამზე“.
ბაჩიაშვილი მოუწოდებს ადგილობრივ პოლიციას, სათანადოდ გამოიძიოს დანაშაული.