საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში საშუალო ანაზღაურება 5.1 ლარს შეადგენს საათობრივად. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარის მიმოიხილვას ეხება.
„ვაჭრობაში ყველაზე მეტი დასაქმებული ადამიანია და შესაბამისად ვაჭრობის სექტორის მიერ გადახდილი ჯამური ანაზღაურება წლიურად 2.1 მლრდ. ლარს უტოლდება.
საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელია. საქართველოში დაახლოებით 170,000 ადამიანი საბითუმო და საცალო ვაჭრობაშია დასაქმებული, რაც მთლიანი დაქირავებით დასაქმებულების 26%-ს შეადგენს. მათ შორის, პირველადი მოხმარების საქონლის მსხვილ ადგილობრივ მწარმოებლებში, დისტრიბუციაში და რითეილერებში 30,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს“, -აღნიშნულია კვლევაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2010-2020 წლებში სხვადასხვა სექტორების მიერ ფიქსირებულ აქტივებში ჯამში 45 მლრდ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მრეწველობის სექტორის განხორციელებული ინვესტიციები ჯამური ინვესტიციების 28%-ს შეადგენს. თუმცა, აქ გაერთიანებულია დამამუშავებელი მრეწველობაც, რომელიც მსხვილ დანახარჯებს მოითხოვს. ტრანსპორტირების და დასაწყობების წილი 17%-ს შეადგენს და ვაჭრობის 12%-ს. ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ჯამური ინვესტიციების მხოლოდ 3%-ს შეადგენს.