კავკასიური, იგივე ნორდმანის სოჭი (Abies nordmanniana) საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივად ძირითადად რაჭასა და სამცხე ჯავახეთშია გავრცელებული. საქართველოდან ევროპაში საშობაო ნაძვის ხეების გამოყვანის მიზნით სოჭის გირჩის თესლი უკვე ათწლეულებია ექსპორტზე გადის.
ნორდმანის სოჭი, სხვა წიწვოვანი სახეობებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება და 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვაა შესაძლებელი. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 600-700 წელს, გამოირჩევა სილამაზითა გამძლეობით. ზოგიერთ ქვეყანაში გირჩის თესლს პარფიუმერიასა და კულინარიაშიც იყენებენ.
ევროპის ქვეყნებში არსებული საახალწლო ნაძვისხეების 90% გამოყვანილია საქართველოდან ექსპორტირებული თესლიდან. საქართველოდან სოჭის თესლის ექსპორტი ძირითადად დანიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გაერთიანებულ სამეფოში, უნგრეთში პოლონეთში ბელორუსიაში, ბელგიასა და ჩეხეთში ხორციელდება, ასევე მცირე რაოდენობით თესლი იგზავნება აშშ-ში.
სოჭის გირჩის საექსპoრტო მიზნით მოპოვებისათვის აუცილებელია შესაბამისი ლიცენზია, რომელსაც აღრიცხვისა და რაოდენობის დადგენის შემდეგ აუქციონის წესით გასცემს გარემოს ეროვნული სააგენტო. გაცემული ლიცენზიების პირობების თანახმად, მოხდება სოჭის გირჩის თესლის კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
აუქციონის შედეგად, 20 ლოტზე წლიურად 190 ტონა სოჭის გირჩის რესურსის რეალიზაცია ხდება. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ კი 1 630 056 ლარი შეადგინა.