დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების შვილები რეგულარულად მოგზაურობენ ნატოს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და სხვა ქვეყნებში დასასვენებლად დიდ თანხებსაც ხარჯავენ . ამის შესახებ გამოცემა The Insider-ი წერს. გამოცემამ მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკით და უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიური მხარდაჭერით გამორჩეული რუსი მაღალჩინოსნების შვილების და მათი ახლობლების სოციალური ქსელები შეისწავლა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის ქალიშვილი ვერონიკა, მამისგან განსხვავებით, სანქცირებულთა სიაში არ არის და ის ბოლო პერიოდში საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში ისვენებდა. ასევე კუნძულ ბალიზე იმყოფებოდა სასტუმროში, რომლის ღირებულებაც დრეში 500 დოლარს შეადგენს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ ვლადიმირ ჯაბაროვის ვაჟმა 2021 წლის ზაფხული კალიფორნიაში გაატარა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი - შვედეთში, ნორვეგიასა და თურქეთში იმყოფებოდა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს და დუმის ვიცე-სპიკერ ალექსანდრ ჟუკოვის რძლები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იტალიასა და საბერძნეთში ისვენებდნენ.
The Insider-ის ცნობით რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ქალიშვილმა ქსენიამ, დონბასის მხარეში სასტიკი ბრძოლების პერიოდში, საახალწლო დღეები დუბაიში გაატარა და ქმართან ერთად ცხოვრობდა სასტუმროში, რომელიც სულ მცირე ნახევარი მილიონი რუბლი დაუჯდებოდა.