სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა გეგმური ამბოლატორიური მომსახურების ჩატარება შეზღუდა და პაციენტებს ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ „შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პრიორიტეტი კოვიდ-ით ინფიცირებული დაზღვეულების მართვაა, ამიტომ სიტუაციის დასტაბილურებამდე დროებით იზღუდება იმ გეგმიური სერვისების მიწოდება, რომელთა გადავადებაც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას უკვე შეხვდა. მათი რეკომენდაციაა, შეიცვალოს მსუბუქი პაციენტების მართვის გაიდლაინი, რაც ოჯახის ექიმებს ვალდებულებებს შეუმსუბუქებს და განხილულ იქნას გეგმური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერება, სანამ პიკური პერიოდი არ გადაივლის., თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო გეგმური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერებას ჯერჯერობით არ გეგმავს.
სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ აღნიშნულ პრობლემაზე რამდენიმე დღის წინ საუბრობდნენ. „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამთა ყიფიანი ამბობს, რომ ასეთი მაღალი მომართვიანობა არცერთი შტამის დროს დაფიქსირებულა. მისი თქმით, კომპანია ყოველდღიურად ამატებს ოჯახის ექიმებს, რათა ყველა დაზღვეულის მომსახურება შეძლონ.
სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძეც გაზრდილ დატვირთვაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო გეგმური ამბულატორიული მომსახურების დროებით შეჩერების ინიციატივით ალბათ არ გამოვა, რადგან რთულია ჯანმრთელ ადამიანს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურების ჩატარება აუკრძალო.
ჯანმრთელობის დაზღვევაში ზარალიანობის ზრდაზე საუბრობს „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე. მისი თქმით, ზარალიანობა გაზრდილია ერთის მხრივ ინფლაციის და მეორე მხრივ კოვიდის მართვის მხარდაჭერაში გაღებული პირდაპირი თუ ირიბი ადმინისტრაციული დანახარჯების ზრდის გამო. მიხეილ ჯაფარიძე ამბობს იმასაც, რომ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცემული პოლისების რაოდენობა 9-10%-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 17 066 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 17.88% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.10%.
ნინო თამაზაშვილი