სადაზღვევო სფეროზე მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ ერთი წლის დაგვიანებით, 2024 წლიდან ამოქმედდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, „სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა ზოგადად საფინანსო სექტორისგან და სადაზღვევო სექტორისთვის „ესტონურ მოდელზე“ გადასვლა 1 წლით გადავადდება“.
სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და „ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უმჯობესი იყო სადაზღვევო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლა დროულად დაწყებულიყო.
„სადაზღვევო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლა უმჯობესი იყო დროულად დაწყებულიყო, რადგან ჩვენი საბანკო სექტორთან გაიგივება ძალიან არარელევანტურია, რადგან ბანკებს 2 მლრდ აქვთ მოგება, ჩვენთან კი მოგებაზე საუბარიც არ არის. „ესტონურ მოდელი“ უნდა დაწყებულიყო 2023 წლიდან, რადგან აქ საუბარია, როდესაც გვიწევს მოგების გადასახადის რეინვესტირება და გადასახადის მინიმიზაცია რომ ყოფილიყო, ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა.
თუმცა ისიც კარგია, რომ ბანკებთან ბოლომდე არ გავიგივდით და 2024 წლიდან მაინც დაიწყება. ჩვენ სფეროში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს ამ მოდელის ამოქმედება. ნებისმიერი ინვესტირება ჩაბრუნებული კომპანიის განვითარებაში აღარ დაიბეგრება იმ მოცულობით, როგორც მოგების გადასახადი იბეგრება. ჩვენ სისტემატიურად ვახორციელებთ ინვესტირებას, ახლაც კი კაპიტალის გაზრდას ვაანონსებთ. სექტორის განვითარებისთვის „ესტონური მოდელი“ ძალიან კარგი პროცესია და რაც უფრო გადავადდება მით უარესია“, — ამბობს ნინო კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს და ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.