2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა.
საქართველოს სადაზღვევო სექტორის დამდგარი ზარალების ოდენობამ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში 134,876,055 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს დამდგარი სადაზღვევო ზარალის ოდენობით „ჯი პი აი“ 38,149,099 ლარით ლიდერობს. მეორეზეა „იმედი L“ 25,882,180 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი“ 18,678,987 ლარით.
სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 231,250,663 ლარი შეადგინა. ბაზრის ლიდერი ამ შემთხვევაშიც „ჯი პი აი ჰოლდინგია“ 66,269,417 ლარით, მეორე ადგილზეა „იმედი L“ 42,624,411 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი დაზღვევა“ 33,870,752 ლარით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 18 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, 2022 წლის 6 თვეში 668,141 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) სახეობაში მოზიდულმა პრემიამ კი 84,595,463 ლარი შეადგინა, ხოლო დამდგარმა ზარალმა 49,790,908 ლარი. ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „სადაზღვევო კომპანია ალდაგია“. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 36,746,833 ლარს გაუტოლდა, ხოლო დამდგარმა ზარალმა 15,208,724 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 504,7 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 91,8 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 10,3 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 151,6 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 313,6 მილიონ ლარს.