სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე არის სიგნალი რუსული ელიტისთვის, რომ ძალაუფლებაში ეჭვმიტანილი პრეზიდენტით მათი საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ბაზრებში დაბრუნების შანსი ნულია, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.
„ეს არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ ეჭვმიტანილთან ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი, იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე, როგორც მათი უშუალო მონაწილე, ასევე როგორც ლიდერი, რომლის ქვეშევრდომებმა, მისი თანხმობით თუ მისი ნების დართვით ჩაიდინეს ეს დანაშაულები.