საქართველოდან უცხოეთში, განსაკუთრებით საბერძნეთში ემიგრანტების ზრდამ წლების წინ არაერთი კომპანიის შექმნას ჩაუყარა საფუძველი, ერთ-ერთი მათგანი ინტელიექსპრესი იყო, რომელიც 2006 წელს შეიქმნა და კომპანიის საქმიანობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფულადი გზავნილების განხორციელებით დაიწყო. მათი მთავარი ორიენტირი ქართველი ემიგრანტებისთვის ფულის გადარიცხვის მარტივი და სწრაფი მომსახურების მიწოდება იყო, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს ბანკის გარეშე გაეგზავნათ და მიეღოთ თანხა. იმ პერიოდში ქართველი ემიგრანტების ძირითადი ნაწილი არ სარგებლობდა ფულადი გზავნილების მომსახურებით შეუსაბამოდ მაღალი ტარიფებისა და დაბალი ნდობის გამო. იმ პერიოდში ფულის გაგზავნის ყველაზე პოპულალური მეთოდი ავტობუსებისთვის თანხის გამოტანება იყო, რაც ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენდა და არ იყო უსაფრთხო. აღნიშნულმა სიტუაციამ განაპირობა ინტელიექსპრესის შექმნა, რომელიც ამ დრომდე პირველი და ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა.
ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა მსოფლიო ეკონომიკა და იზრდებოდა ფულადი გზავნილების ბრუნვაც. „ინტელიექსპრესი“ სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხსნიდა მომსახურების ოფისებს და დღეს 21 ფილიალი აქვს საქართველოში, ხოლო მის სისტემაში ჩართულია ყველა კომერციული ბანკი, რომელიც საცალო საქმიანობას ეწევა და ათამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბებს, ინტელიექსპრესის საშუალებით დღეს ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი, უმეტესობა მათგანში საკუთარი ფილიალებითაა წარმოდგენილი, თუმცა ინტელიექსპრესის სისტემით ოპერირებენ აგენტი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები. თანამშრომლობს 60-მდე ბანკთან პირდაპირ და 50-მდე სისტემასთან.
„კომერსანტთან“ საუბრისას ინტელიექსპრესში აღნიშნავენ, რომ პანდემიამ და ფულადი გზავნილების უფრო მეტად გააქტიურებამ დისტანციური სერვისების გაუმჯობესება გამოიწვია, ამიტომ კომპანიის სამომავლო გეგმაში ელექტრონული საფულის გააქტიურება და MASTERCARD-ის საერთაშორისო ბარათების გამოშვებაა
„საქართველო ძირითადად გზავნილების მიმღები ქვეყანაა. ბოლო წლებში საქართველოში გზავნილების მზარდი ტენდენცია შეინიშნება. პანდემიის მიუხედავადაც გზავნილების კუთხით ქვეყანაში მაინც ზრდა დაფიქსირდა, ინტელიექსპრესისთვის ეს ზრდა 17.6%-ს შეადგენდა. გადარიცხვებმა განსაკუთრებით მოიმატა დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, კვიპროსიდან, უკრაინიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და აშშ-დან.
ამ ეტაპისთვის იგეგმება ელექტრონული საფულის სისტემის გააქტიურება, რომელიც იქნება ონლაინ ბანკინგის მსგავსი. ვისარგებლებთ კომპანია ინექსფეის სერვისით, რომელიც წარმოადგენს ელექტრონულ საფულეს. მისი პლატფორმით, მომხარებლებისთვის გამარტივდება სხვადასხვა სერვისებთან წვდომა. მას აქტიურად შევთავაზებთ მომხმარებლებს ინტელიექსპრესის ევროპული ქსელისა და ოფისების ბაზაზე: დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიასა და კვიპროსში. ამას გარდა, ინტელიექსპრესი საქართველოში ერთადერთი არასაბანკო ორგანიზაციაა, რომელიც MASTERCARD-ის ძირითადი წევრი გახდა. ამ წელს გამოვუშვებთ MASTERCARD-ის საერთაშორისო ბარათებს, რომლის გამოყენებაც კომპანიის მომხმარებლებს შეეძლებათ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, ინტელიექსპრესის მომხმარებლებისათვის უკვე შესაძლებელია ევროპული IBAN ანგარიშების გახსნა. ასეთი ევროპული საგადახდო ანგარიშების გახსნას მასიურად შევთავაზებთ ევროპაში მყოფ ემიგრანტებს და არა მარტო ემიგრანტებს“, - განმარტა ინტელიექსპრესის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან თავართქილაძემ.
საფინანსო სექტორის გამოწვევებზეც საუბრისას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დღეისათვის კაპიტალის ბაზრის არ არსებობაა ამ სექტორის მთავარი პრობლემაა.
„საქართველოში საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებული სექტორია, რასაც თავისი მიზეზები აქვს. დღეისათვის მთავარ გამოწვევას კაპიტალის ბაზრების არარსებობა წარმოადგენს, თუმცა ცალკე დავის თემაა რამდენადაა დღეს-დღეისობით ქვეყანა მზად კაპიტალის ბაზრების განსავითარებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში გვექნება წინსვლა ამ მიმართულებითაც“, - აცხადებს ლევან თავართქილაძე.