საფრანგეთი და ბელგია ზაფხულის პერიოდში პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამსუბუქებენ და რიგ დაწესებულებებს ხსნიან. საფრანგეთში ბოლო შვიდი თვის მანძილზე პირველად, ბარების, რესტორნების, ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების შიდა სივრცეები გაიხსნა. საფრანგეთში რესტორნები და ბარები შიდა სივრცეებში მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ, იგივე წესი ვრცელდება საცურაო აუზებსა და სპორტდარბაზებზეც. გარე ტერასები, რომლებზეც გასულ თვეში შეზღუდვები ვრცელდებოდა, ახლა სრული დატვირთვით იმუშავებენ. რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, მისი პერიოდიც 2 საათით შემცირდა და ახლა ფრანგებს გარეთ ყოფნა საღამოს 23 საათამდე შეეძლებათ. თუკი ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს, „კომენდანტის საათი“ შესაძლოა 30 ივნისს გაუქმდეს.
ევროკავშირის წევრებისა და სხვა ქვეყნების, მათ შორის ავსტრალიის, ისრაელის, ლიბანისა და სამხრეთ კორეის მცხოვრებლებს საფრანგეთში შესვლა PCR ტესტის გარეშე შეეძლებათ, თუკი სრულად ჩაიტარეს ვაქცინაცია ევროკავშირში დამტკიცებული ვაქცინებით.
სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამსვლელ მგზავრებს, რომლებმაც სრული ვაქცინაცია ჩაიტარეს, კვლავ მოუწევთ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუმცა აღარ მოუწევთ მგზავრობის აუცილებლობის დასაბუთება.
ბელგიამაც დაუშვა რესტორნებისა და კაფეების დახურულ სივრცეებში სადილობა. დახურულ სივრცეში დასაშვებია ღონისძიებები, რომლებსაც არ უნდა დაესწროს 200 ადამიანზე მეტი. ბელგიელებს ასევე შეუძლიათ ერთმანეთის სახლებში სტუმრობა, თუმცა მხოლოდ 4 სტუმარი დაიშვება.
IPN.GE