საფრანგეთის ხელისუფლებამ სამშაბათს, 28 მარტს, ფულის გათეთრებისა და საგადასახადო თაღლითობაში ეჭვის საფუძველზე, რამდენიმე მსხვილი ბანკის ოფისში ჩაატარა ჩხრეკა, მათ შორის Societe Generale-ში, BNP Paribas-სა და HSBC-ში. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
საფრანგეთის ეროვნული ფინანსური პროკურატურის (PNF) სპიკერმა დაადასტურა გაზეთ Le Monde-ის ინფორმაცია, რომ გამოძიება უკავშირდება დივიდენდების გადახდას და ასევე Exane-სა და Natixis-ს.
PNF-ის თქმით, ამჟამად ხუთი გამოძიება მიმდინარეობს, რომლებიც დაკავშირებულია პრაქტიკასთან, რომლის დროსაც მდიდარი კლიენტები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ დივიდენდის გადასახადები რთული იურიდიული პროცედურების დახმარებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე ოპერაციებს, რომელთა მომზადებას რამდენიმე თვე დასჭირდა, 16 გამომძიებელი და 150-ზე საგამოძიებო აგენტი აწარმოებს.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, დივიდენდებზე გადასახადების შესამცირებლად გამოყენებული ხარვეზების გამოძიება გერმანიის სკანდალის გაგრძელება იყო. საფრანგეთის მიმდინარე გამოძიებაში გერმანიის პროკურორებიც მონაწილეობენ.
Deutsche Bank-ში ჩატარებული ჩხრეკისას, გერმანულ ბანკს კლიენტების მიერ ოფშორული კომპანიების რეგისტრაციაში ხელშეწყობასა და Deutsche Bank-ის ანგარიშებზე გადასახადებისგან თავისუფალი შემოსავლის დარიცხვას ედავებოდნენ.