საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვნად მატების გამო „კომენდანტის საათის“ არეალი გაფართოვდა.
როგორც პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, საფრანგეთის მასშტაბით, ე.წ. კომენდანტის საათი კიდევ 38 ადმინისტრაციულ ერთეულზე გავრცელდება.
„მეორე ტალღა აქ არის და სიტუაცია მძიმეა. თუ პანდემიას ვერ შევაჩერებთ, ჩვენ უკიდურესი მდგომარეობა შეგვექმნება და გაცილებით მკაცრი ზომების დაწესება მოგვიწევს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ თავიდან ავიცილოთ ეს, მაგრამ ბევრი დრო არ დარჩა“, - აღნიშნა პრემიერმა.
ახალი ზომა პარასკევს შუაღამიდან შედის ძალაში და ე.წ. კომენდანტის საათი უკვე საფრანგეთში მცხოვრებ 46 მილიონ ადამიანს შეეხება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „კომენდანტის საათი“ 6 კვირის განმავლობაში იმოქმედებს, სიტუაციის შეფასების შემდგომ კი, საჭიროების შემთხვევაში ის უფრო გამკაცრდება.
„კომენდანტის საათი“ პარიზსა და 8 დიდ ქალაქში უკვე მოქმედებს საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. წესების დამრღვევი 135 ევროთი დაჯარიმდება.
IPN.GE