საფრანგეთის სასამართლომ პირველად დაუშვა სანქცირებული რუსი ოლიგარქის კუთვნილი უძრავი ქონების ჩამორთმევა. საუბარია მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის საწარმოს მფლობელ ვიქტორ რაშნიკოვის 23 მლნ ევროიან ვილაზე სენ-ჟან-კაპ-ფერატში (სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთი). ამის შესახებ Le Monde წერს.
სასახლის კონფისკაცია 2022 წლის ოქტომბერში, პარიზის პროკურატურის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეროვნული იურისდიქციის მოსამართლეების მოთხოვნით, მოხდა. მას შემდეგ, რაც 2022 წლის 15 მარტს რუსი ოლიგარქი სანქციების ქვეშ მოექცა, რაშნიკოვთან ოფიციალურად დაკავშირებული სამი ქონება გაიყინა - საფრანგეთის რივიერაზე და პარიზში. მაშინ სენ-ჟან-კაპ-ფერატში მდებარე ვილა ჩამორთმევას გადაურჩა რადგან, გამოცემის წყაროს ცნობით, ის არ იყო დეკლარირებული რაშნიკოვის საკუთრებაში.
მოგვიანებით, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს სამსახურმა გაარკვია, რომ რთული ფინანსური სქემებით, ვილა რუსეთის მოქალაქეს, სავარაუდოდ, რაშნიკოვს ეკუთვნოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, ვილა გაიყიდა, ახალი მფლობელიც რუსი აღმოჩნდა. ოფიციალურად, ობიექტი შვეიცარიულ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც თავად პანამურ სტრუქტურის დაქვემდებარებაში იყო. სამართალდამცავები თვლიან, რომ გადაყიდვის „საეჭვო ოპერაციის“ მიზანი თანხების წარმომავლობისა და ფაქტობრივი ბენეფიციარის დამალვა იყო.
ახლა ვილა საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს სააგენტოს ხელშია.
ვიქტორ რაშნიკოვი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, PJSC Magnitogorsk Iron and Steel Works-ის მთავარი მფლობელი და დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია. 2022 წლის რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში ჟურნალმა Forbes-მა 73 წლის ბიზნესმენის ქონება 6,6 მლრდ დოლარად შეაფასა. მაშინ მას რეიტინგში მე-18 ადგილი ეჭირა.
2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდაჭერის გამო, რაშნიკოვს პერსონალური სანქციები დაუწესეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, ავსტრალიამ, კანადამ, შვეიცარიამ და სხვა ქვეყნებმა.