დაახლოებით 2,8 მლნ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სამშაბათს საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ამის შესახებ ფრანგული მედია, საფრანგეთის შრომის გენერალურ კონფედერაციაზე (CGT) დაყრდნობით, წერს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით მონაწილეთა რაოდენობა კი ორჯერ ნაკლები - 1,2 მლნ ადამიანი იყო.
ფრანგული მედია აღნიშნავს, რომ ამჯერად აქციებზე უფრო მეტი მონაწილე გამოვიდა, ვიდრე 19 იანვრის პირველ აქციაზე. მაშინ საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აქციებში 1 მლნ ადამიანი მონაწილეობდა, პროფკავშირებმა კი - 2 მლნ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების მღელვარება საფრანგეთის ქალაქებში, 10 იანვარს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ელიზაბეტ ბორნის მთავრობის მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმის პროექტის წარდგენას მოყვა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ვარაუდობენ, რომ დადგენილი საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე ეტაპობრივად გადაინაცვლებს წელიწადში სამი თვით და ეს პროცესი 2030 წლამდე გაგრძელდება. ცვლილება კანონში 1961 წლის სექტემბერს ან მის შემდეგ დაბადებული ფრანგებზე გავრცელდება.