2022 წლის 22 სექტემბერს, თბილისში, ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და მონტენეგროს შორის კონსულტაციები გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო მონტენეგროს მხარეს - ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი, ალექსანდარ მაშკოვიჩი.
კონსულტაციების ძირითად საკითხს წარმოადგენდა საქართველო-მონტენეგროს შორის ევროინტეგრაციის კუთხით არსებული გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა. თეიმურაზ ჯანჯალიამ მონტენეგროელ კოლეგას გააცნო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, როგორც ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების, ისე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. თავის მხრივ, მონტენეგროს სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირთან მონტენეგროს ინტეგრაციის დინამიკაზე.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მომავალში ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორი ქვეყნის სექტორულ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ფორმატების ჩამოყალიბებისა და მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და მოსაზრებები ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
საუბარი შეეხო რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ საკითხებს, მათ შორის, შავი და ადრიატიკის ზღვების სავაჭრო-სატრანზიტო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.
მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.