2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა, საინვესტიციო აქტივობა წელსაც მაღალი იქნება — ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლებაში მთავარი ეკონომისტისგან აღნიშნულია, რომ ზრდა არამხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე იყო, არამედ ახალი ინვესტიციების შემოდინებამ ითამაშა ასევე დიდი როლი.
„2022 წლის პიდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ მატება არა მხოლოდ რეინვესტირების ხარჯზე იყო, როდესაც მიღებული მოგების კომპანიის საქმიანობაში დაბანდება ხდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი ინვესტიციების შემოდინება. ეს დინამიკა ლოგიკურია, რადგანაც ზოგადად, მაღალი ეკონომიკური ზრდისას, საინვესტიციო და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნას უფრო დროითი ჩამორჩენა ახასიათებს. ამდენად, ვფქრობთ, რომ საინვესტიციო აქტივობა წელსაც მაღალი იქნება. ამასთან, ხელისშემშლელი ფაქტორებიდან აღსანიშნავია, როგორც ლარში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ვალუტაში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება, მიგრაციის ნაკადსა და ლარის გამყარების მდგრადობასთან დაკავშირებული კითხვები. ეს უკანასკნელი მათ შორის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში გრძელვადიანი პროექტების დაფინანსება უმეტესწილად უცხოურ ვალუტაშია“, — ნათქვამია მიმოხილვაში