საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამის შესახებ გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა.
მისი თქმით საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება საქართველოშიც მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია.
მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბითაც ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს.
„საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ამ ვირუსის გავრცელება ჩვენთანაც მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იმიტომ, რომ ტენდენციაც რომ ვნახოთ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ამ ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას არ მოუხდენია რეაგირება, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გასულ კვირას 17 დეკემბერს გაიხსნა თბილისის დიდი ღამის კლუბები, მათ შორის ხიდი და ბასიანი. 18 დეკემბერს გვიან კი ცნობილი გახდა, რომ კლუბების ნაწილი ღონისძიებას აუქმებდნენ, რადგან ოფიციალური გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.