„სალომბარდო სესხები მცირდება, ეს ნიშნავს რომ მოსახლეობას შემოსავალი გაეზარდა“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა მიმდინარე წლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წელი აღდგენის წელი იყო და საფინანსო ბაზარზე აქტიურობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„მიმდინარე წელს დადებითი იყო ის, რომ პანდემია დამთავრდა და მნიშვნელოვნად შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაბამისად ბაზარზე დიდი აქტივობაა. მოსახლეობამ თავისი სესხების დაფარვა აქტიურად დაიწყო. მნიშვნელოვნად შემცირდა სალომბარდე სესხები. ხალხს გაეზარდა შემოსავალი, რადგან ტურისტული ნაკადები გაიზარდა, რამაც გაზარდა ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, შესაბამისად მოსახლეობას რეალური შემოსავალი გაუჩნდა.
პირველ რიგში, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას ჩვენ ვგრძნობთ, რადგან როდესაც სალომბარდო სესხები მცირდება, ეს ნიშნავს რომ ხალხს შემოსავალი გაეზარდა. დასაქმებაც გაზრდილია, შესაბამისად ვალდებულებები შემცირებულია და ვადაგადაცილებული სესხებიც პროპორციულად შემცირებულია“, — აღნიშნა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაცია Digital-ზე გადასვლის ეტაპზეა და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„2023 წელს ვგეგმავთ „მასტერქარდთან“ ლიცენზირების პროექტს და პარალელურად ელექტრონული საფულის შექმნას. გარდა ამისა, ვაგრძელებთ ფილიალების გახსნას და ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება“, — ამბობს ნიკოლაიშვილი.