სილამაზის სალონების ფედერაციამ ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური მომსახურებების რეგულირების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ცენტრები მხოლოდ სპეციალური ნებართვის ან ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში უნდა მუშაობდნენ.
ამასთან, სალონების ფედერაციაში თვლიან, რომ კოსმეტოლოგიური მიმართულებებით მომუშავე სპეციალისტებს შესაბამისი სერტიფიკატი ან სამედიცინო დიპლომი უნდა ჰქონდეთ.
„სფერო მუშაობს რეგულაციების გარეშე. მაგალითად, როგორ უნდა გაიხსნას ესა თუ ის მიმართულება, ამის რეგულაციაც არ არსებობს. შესაბამისად, არ ვიცით ვის აქვს უფლება, რომ აკეთოს ინექცია, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი",- აცხადებს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი, თამარ შარაშენიძე „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.
თავად ესთეტიკური მედიცინის სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბაზარი დაუცველია, რის შედეგადაც გახშირდა ბინებზე მომსახურების შემთხვევები. ბიზნესის ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ბინაზე მომსახურების პრობლემა სრულად ვერ აღმოიფხვრება, მნიშვნელოვანია მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების რეგისტრაცია, რათა მათ სხვა ბიზნესების მსგავსად, გადასახადები გადაიხადონ.
წყარო: businessformula.ge