სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალას“ ახალი შენობა 2023 წელს დასრულდება.ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, საუბარია, მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე. კურორტზე არსებული ძველი შენობა კი სეზონის გასხნას, 15 ივნისიდან ქართველ, ხოლო ივლისიდან უცხოელ დამსვენებლებსაც ელოდება-ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის ხელმძღვანელმა გიორგი უტიაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით,კორონავირუსის მიუხედავად, მათი გეგმები არ შეცვლილა და მუშაობა არქიტექტურულ პროექტზე, რომელსაც ისრაელში მოქმედი კომპანია ამზადებს ისევ გრძელდება.
„განახლებული სანატორიუმი 2023 წელს დასრულდება და პირველ სტუმარს უმასპინძლებს.ზაფხულიდან კი დაიწყება სასტუმროს ტიპის სანატორიუმის მშენებლობა. მანამ კი დამსვენებლებს ველოდებით უკვე არსებულ შენობაში, სადაც მათთვის საჭირო პროცედურებს მიიღებენ.“-აღნიშნა უტიაშვილმა.
„ახტალას“ ხელმძღვანელმა „კომერსანტს“ მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე და ფასებზეც ესაუბრა. მისი განმარტებით, კორონავირუსს მათზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია რადგან სეზონი მხოლოდ ახლა იწყება. თუმცა, კურორტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „ახტალა“ წელს დამსვენებლებს ლარის დევალვაციისა და გაძვირებული პროდუქციის გამო, მომატებული ფასებით მიიღებს.
„სეზონს განვაახლებთ შეზღუდვების მოხსნისთანავე. წელს ტურიზმს რომ ძალიან უჭირს ეს ცხადია, თუმცა, ჩვენი დამსვენებლების 80% ყოველთვის ქართველები იყვნენ და ვიმედოვნებ წელსაც გვეწვევიან. ამ ეტაპზე უცხოელები არ გვიკავშირდებიან, რადგან საერთაშორისო მიმოსვლის განახლებას ელოდებიან. რაც შეეხება ფასებს, მოიმატებს, თუ ადრე ერთი დღის ღირებულება 100 ლარამდე იყო, რაშიც სამჯერადი კვება და ტალახის პროცედურებიც შედიოდა, ახლა შედარებით ძვირი იქნება. ეს გამოიწვია ლარის გაუფასურებამ, გაძვირდა პროდუქტი და ჰიგიენური საშულებებიც. გარდა ამისა ვიმუშავებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციებით, რომელიც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.“-აცხადებს გიორგი უტიაშვილი.
შეგახსენებთ,სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“.აღნიშნული კომპანია საქართველოში გასული წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ი,ხოლო დირექტორი, ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიხედვით საქართველო-რუსეთის მოქალაქეა.
„ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.
ნათია ლომიძე