„მე არ დავიღლები ამის ლაპარაკით, რომ ადამიანებს ერევათ, მე დავდივარ მიტინგზე, მოდიან ქალბატონები და ამბობენ, ბანკის ძალიან დიდი ვალი მაქვს. მე ყველას ვეკითხები – რომელი ბანკის? იმ 16 ბანკის, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა და ყველაზე დიდი ინდუსტრია შექმნა? არა და მეუბნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ან ვიღაც კერძო პირის თემას. პირდაპირ მინდა, გამოვიდე ინიციატივით. მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. სიტყვა მევახშე ქართული განმარტებითი ლექსიკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ, მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი“, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მევახშეობის აკრძალვა მამუკა ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირებაა და სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებული საქმიანობის აკრძალვა რთული იქნება.
„ზოგადად აკრძალვების მომხრე არ ვარ, საქმე ბიზნესს ეხება, თან ერთი ადამიანის მიერ მეორესთვის ფულის მიცემა სამოქალაქო კოდექსში კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, შესაბამისად ძალიან რთული იქნება, რომც მოვინდომოთ მევახშეობის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება. მე უფრო მგონია, რომ ეს არის წინასაარჩევნო დაპირება ამომრჩევლების მიმართ და იმ ადამიანებისთვის ვინც ძალიან დაიტანჯა და დაზარალდა მევახშეებთან ურთიერთობით, ალბათ უფრო ეს არის, სხვა მხრივ ალბათ ძალიან გაჭირდება ეს ყველაფერი ტექნიკურად გაკეთდეს.
მე აკრძალვების წინააღმდეგი ვარ. ზოგადად ეს სექტორს რომელიც არის ჩრდილოვანი მევახშეების სექტორი, წლებია ამ მიმართულებით ვმუშაობთ, არაერთ კვლევა გვაქვს გამოქვეყნებული და ვფიქრობთ, რომ გარკვეული რეგულაციები და გარკვეული შეზღუდვები სჭირდება, აკრძალვების მომხრე რა თქმა უნდა არ ვარ“, — განაცხადა გიორგი კეპულაძემ.