თბილისში უძრავი ქონება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გაძვირდა. გარდა იმისა, რომ რუსი მიგრანტების ხარჯზე მოთხოვნა გაიზარდა, უკრაინიდან იმპორტის შეზღუდვამ სამშენებლო მასალებზე დეფიციტი წარმოქმნა, რამაც მშენებლობის თვითღირებულება 20%-ით გაზარდა.
ყველაზე მეტად ტონაზე 700-დან 1100 დოლარამდე ფასები არმატურაზეა გაზრდილი, რაც 57%-იან მატებას ნიშნავს, თუმცა 15-30 პროცენტის ფარგლებში ფასები ბლოკზე, აგურზე, ცემენტზე და სხვა სამშენებლო მასალებზეცაა მომატებული, რამაც ომამდელ პერიოდთან შედარებით მშენებლობის თვითღირებულება საშუალოდ 20%-ით გააძვირა. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბესო ორთოიძემ აღნიშნა, რომ ფასებმა ზრდა გასულ წელს დაიწყო, რაც მომხმარებელმა ვერ იგრძნო, რადგან დეველოპერებმა საკუთარი მოგების მარჟა შეამცირეს, თუმცა წელს ბინები ომის გარეშე მაინც გაძვირდებოდა. არმატურისა და ცემენტის გარდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ანაზღაურებაც დაახლოებით 20%-ითაა გაზრდილი.
სიტუაციას შედარებით ლარის გამყარება აბალანსებს. ბოლო 2 თვეში ლარი დოლართან მიმართებაში 15%-ით გამყარდა, 2.90-იან ნიშნულს ჩამოსცდა და პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
ლარი ბოლოდროინდელმა გამყარებამ შესაძლოა მხოლოდ ფასების ზრდის ტემპი შეანელოს. არც საწვავზე და არც სხვა პროდუქტებზე კურსის ცვლილებას ფასები არ შეუმცირებია.
სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდამ უძრავი ქონების ბაზარზე სწრაფად იმოქმედა. უკვე აშენებულ შენობებში გასაყიდი და გასაქირავებელი ფართები მნიშვნელოვნად გაძვირდა. თუ დეველოპერთა ნაწილმა და მეორადი ბინების მფლობელებმა, განსაკუთრებით გარეუბნებში არსებული ფასი შეინარჩუნეს ან მხოლოდ მცირედით გაზარდეს მშენებარე და უახლოეს მომავალში ასაშენებელ ბინებზე იგივე უკვე შეუძლებელი იქნება.