სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 16142.8 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.0% შრომის ანაზღაურებაზე მოდის, ხოლო 3.0% – სხვა დანახარჯებზე (თანამშრომლების სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მსგავსი სახის ღონისძიებები).
2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები საშუალოდ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 32.3%-ით აღემატება.
სექტორების მიხედვით, სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში ფიქსირდება და 29 201.0 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი – განათლების სფეროში გამოვლინდა და 10 152.9 ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფო სექტორში სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯები 19.8%-ით დაბალია არასახელმწიფოსთან შედარებით და შესაბამისად 13 932.2 და 17 372.0 ლარს შეადგენს.
2021 წელს სამეწარმეო სექტორში სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯი 16 617.5 ლარი იყო, ხოლო არასამეწარმეო სექტორზე 15 300.4 ლარი.