თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო მარტში გაიხსნება. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის.
როგორც პაპაშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, მერიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა შეიძლება გახსნის დროს სირთულე და დისკომფორტი შეუქმნას სასტუმროში მოსულ ვიზიტორებს. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ მერია დაპირებას შეასრულებს და ორ თვეში სამუშაოები დასრულდება.
„ჭავჭავაძეზე Hilton-ის სასტუმროს მარტის თვეში გავხსნით. სამწუხაროდ, ახლა ისე დაემთხვა, რომ მერია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სწორედ ამ პერიოდში ახორციელებს. დაველოდებით გზის გახსნას, რომ სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ. მერია გვპირდება, რომ ორ თვეში დასრულდება.“ - ამბობს ლაშა პაპაშვილი.
სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. Hilton-ის პირველი სასტუმრო დედაქალაქში 2020 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო. ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ამის შესახებ „კომერსანტს“ გასული წლის ოქტომბერში განუცხადა.
Hilton Garden inn.-ს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.
Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის ქვეშ შენდება სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში, მისი გახსნა 2020 წელსაა დაგეგმილი. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.
მარიამ მორგოშია