საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალ თავდაცვის კოდექსზე მუშაობს, კოდექსის მიხედვით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ყველა წვევამდელს, მათ შორის სტუდენტებიც მოუწევს, შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდება. აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
"დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი, როგორც გადავადების საფუძველი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი, ''- თქვა მინისტრის მოადგილემ.
სამინისტრო სტუდენტებს სხვა წვევამდელებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის დროს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს. მისივე თქმით ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და სტუდენტების შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
„ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არასტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ოპციებს,"- თქვა მინისტრის მოადგილემ.
გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი ან სწავლასთან ერთად 4-წლიანი პროგრამა.