სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, გერმანია და იტალია სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას აჩერებენ.
„ეს ახლად აღმოჩენილი ვარიანტი გვაშფოთებს. ამიტომ ადრეულ ეტაპზე ვმოქმედებთ. უკანასკნელი, რაც ახლა გვჭირდება, ახალი ვარიანტის შემოტანაა, რომელიც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს“, - აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა.
გარდა ამისა, გერმანიის მოქალაქეებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან სამსობლოში დაბრუნდებიან, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
რაც შეეხება იტალიას, იტალიის მთავრობამ სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა.
„ჩვენი მეცნიერები ახალ ვარიანტს სწავლობენ. იმავდროულად, ჩვენ მაქსიმალურ ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
დიდი ბრიტანეთი სამხრეთ აფრიკასა და აფრიკის კიდევ 5 სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, ხოლო ისრაელმა სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა.
imedinews.ge