სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ასევე ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და ახალი ზელანდია მეგა სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, შეთანხმება მომდვენო 20 წლის განმავლობაში ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ტარიფების გაუქმებას ითვალისწინებს.
ექსპერტების შეფასებით, პროდუქციის წარმოშობის დადგენის ახალი წესი ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენას იქონიებს.
როგორც ცნობილია, აზიის ქვეყნების უმეტესობას თავისუფალი ვაჭრობის ორმხრივი შეთანხმება ისედაც გაფორმებული აქვს, თუმცა ვაჭრობის დროს დაბრკოლებები მაინც ჩნდებოდა, რადგან პროდუქტის ზოგიერთი კომპონენტი მესამე ქვეყანაშია წარმოებული. მაგალითად, ინდონეზიაში წარმოებული მობილური, რომელსაც ავსტრალიური კომპონენტები აქვს, აზიის სხვა ქვეყნებში ექსპორტისას შესაძლოა, დაიბეგროს. ახალი შეთანხმება კი ამ დაბრკოლებას მოხსნის.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნებზე პლანეტის მოსახლების მესამედი და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 29 პროცენტი მოდის.
არსებული ინფორმაციით, სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერას აპირებდა ინდოეთიც, თუმცა შარშან გადაწყვეტილება შეცვალა. დელიში ჩათვალეს, რომ დაბალი ტარიფები ადგილობრივ მეწარმეებს დააზარალებდა.
1tv.ge