წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის საექსპლუატაციო ხარჯებმა დაახლოებით $49 მილიონი, ხოლო კაპიტალურმა დანახარჯებმა $4 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ bp-ის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ანგარიშშია ნათქვამი.
წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის საშუალო დღიური გამტარუნარიანობა ექსპორტისთვის 56.1 მილიონი კუბ/მ იყო.
bp-ს ინფორმაციით, კასპიის ზღვაში შაჰ დენიზის კონდესირებული გაზის უდიდესი საბადოს აღმოჩენამ და განვითარებამ და სამხრეთ კავკასიის გაზსადენმა (SCP) აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა 2006 წლიდან გაზის მთავარი ექსპორტიორი გამხდარიყო. 2006 წლის შემდეგ, აზერბაიჯანელმა, ქართველმა და თურქმა მომხმარებლებმა მთლიანობაში 40 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიიღეს. უკვე არსებული, 42 დიუმი დიამეტრის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა ფართოვდება.
კერძოდ, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის, როგორც შაჰ დენიზის მეორე ეტაპის განვითარების პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული სიმძლავრეების განვითარება წელიწადში დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის საქართველო-თურქეთის საზღვართან ექსპორტის მიზნით. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი ქმნის პირველ დამაკავშირებელ რგოლს მილსადენების ჯაჭვში, რომელიც სამხრეთის გაზის ახალი დერეფანია და რომლიც კასპიის გაზს პირველად აწვდის ევროპას 2020 წლიდან.
სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემა დაუკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს (TANAP) აღმოსავლეთ თურქეთის საზღვარზე, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება 1900 კმ-თ დაშორებულ ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიედინება. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870 კმ