პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა „გირჩი TV”-ში გამოსვლისას განაცხადა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები საჯარო უნდა გახდეს.
მისი თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები უნდა იყოს საჯარო, რადგან შეგვეძლოს ადეკვატურად შევადაროთ, რა უფრო მომგებიანია - დენის იმპორტი, თუ ადგილობრივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.
„იმის დასადგენად, ესა თუ ის ენერგეტიკული პროექტი მომგებიანია, თუ არა, საჭიროა ვიცოდეთ, რა ღირს იმპორტირებული ელექტროენერგია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმპორტი ბევრად იაფია, ვიდრე აქაური დენი. აღმოჩნდა, რომ იმპორტირებული დენის ფასი დღის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულია. ეს ინფორმაცია კი არის კონფიდენციალური.
მე გავაგზავნე სადეპუტატო კითხვა ესკოში - ეს არის ოპერატორი, რომელიც უშუალოდ ჩართულია ამ პროცესში და ვკითხეთ რა ღირს იმპორტი დღის სხვადასხვა მონაკვეთების მიხედვით, დღისით, საღამოს, უქმე დღეებში და ასე შემდეგ“, - განმარტავს რაქვიაშვილი.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა განხორცილედეს პროექტები, რომელთა სუბსიდირებაც გახდება საჭირო 15 წლის მანძილზე.
„პრობლემა ჩნდება უკვე არა მხოლოდ ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით, არამედ პრობლემა ხდება უკვე მთელი ეს სისტემა, რომელიც სხვადასხვა მოტივებით, რაღაც კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე, ანუ ჩვენს ხარჯზე, კეთდება რაღაც პროექტები, რომლებიც შეიძლება ვერ იყოს გამართლებული.
მე მინდა შინაარსობრივი დისკუსია გაიმართოს, რატომ არის კონფიდენციალური ტექნიკურად უმნიშვნელო, მაგრამ შინაარსობრივად ის აუცილებელი ინფორმაცია, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, ადეკვატურად შევაფასოთ პროექტები.
მე ამ ინფორმაციას (იმპორტის ფასების შესახებ) საჯაროს გავხდი ერთ კვირაში. რატომ ერთ კვირაში - იმიტომ, რომ მე მაქვს იმედი, რომ ამ ერთ კვირაში, ან ჩემი კოლეგები პარლამენტში, ან თავად ესკო, ან ის ადამინაები და კომპანიები, ვინც ჩართულია ამ პროცესში და ფლობს ამ ინფორმაციას, თავად გაასაჯაროებენ ამ ინფორმაციას. ეს იქნება ნორმალური და ადეკვატური ქცევა მათი მხრიდან“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.