„სოლიდარობის ქსელის" პროფესიული კავშირების წევრი მედმუშაკები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ, რომ დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება სანიტრებისთვისაც და გაიზარდოს მათი დანაშაულებრივად დაბალი ხელფასები, რომელიც საშუალოდ თვეში 140-დან 240 ლარამდე მერყეობს. ისინი ასევე სთხოვენ სამინისტროს, რომ გააკონტროლოს არაკეთილსინდისიერი კლინიკები, რომლებიც 2023 წლიდან ექთნებისა და ექიმებისთვის დაწესებულ გაზრდილ ხელფასებს მედმუშაკებს არ უხდიან.
„ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გადახდისგან თავის არიდების მიზნით დამსაქმებლები არაერთ კანონსაწინააღმდეგო გზას მიმართავენ, მათ შორის ექიმისა და ექთნის სხვა პოზიციაზე გადაყვანას ან საერთოდ პოზიციის გაუქმებას, ექთნისა და ექიმის სამსახურიდან გათავისუფლებას, სამუშაო საათების შემცირებას და სხვა. ზოგიერთი დამსაქმებლის ფანტაზია კიდევ უფრო შორს წავიდა და ისინი დასაქმებულებისგან მოითხოვენ, რომ წერილობითი უარი განაცხადონ მინიმალური ხელფასის მიღებაზე, თუმცა აღნიშნული კანონდარღვევას წარმოადგენს და დასაქმებულების მიერ მსგავსს განცხადებაზე ხელის მოწერის მიუხედავად კლინიკა მაინც ვალდებულია გადაუხადოს მას მინიმალური საათობრივი ანაზღაურება.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში 2023 წლის 01 იანვრიდან შესული ცვლილებების თანახმად, კლინიკა ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ექიმისა და ექთნისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება (ექიმისთვის არანაკლებ 7 ლარისა საათში; ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში) და დასაქმებულის მიერ ვერანაირ განცხადებაზე ხელის მოწერა დამსაქმებელს აღნიშნული ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. უფრო მეტიც ამავე დადგენილების თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია, რომ აღნიშნული ანაზღაურების პირობები შრომით ხელშეკრულებაში ასახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დაარღვევს კანონს“, - ნათქვამია განცხადებაში.