რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველევმა განაცხადა, რომ რუსეთის ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი დააპატიმრეს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. მისი თქმით, სულ კომპანიების ავიაპარკი 1 367 თვითმფრინავისგან შედგება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
საველევის თქმით, რუსეთში ფრენებს 22 ქვეყნის 30 ავიაკომპანია აგრძელებს. რუსეთის მთავრობა დასავლურ სალიზინგო კომპანიებთან ურთიერთობის დალაგების ლეგალური გზების გამონახვას ცდილობს, თუმცა თვითმფრინავების დაბრუნებაზე ჯერ უარს ამბობენ, თქვა მინისტრმა.
რუსული საჰაერო გადამზიდავების თვითმფრინავების უმრავლესობა დასავლური წარმოებისაა, ძირითადად Boeing და Airbus. 5 მარტს როსავიაციამ კომპანიებს რეკომენდაცია მისცა, შეწყვიტონ უცხოეთში ფრენები, რადგან უცხოეთის რეესტრებში დარეგისტრირებული საჰაერო ხომალდების დაპატიმრების მაღალი რისკია.
Financial Times წერს, რომ რუსეთის მიერ ლიზინგით აღებული თვითმფრინავების „ექსპროპრიაციით“ ყველაზე მეტად ირლანდიური კომპანიები დაზარალდებიან. მათ მიერ ლიზინგით გაცემული და რუსეთში დარჩენილი ლაინერების ფასი $4 მლრდ–ს აჭარბებს.