„თიბისი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა დახუროს მათი ანგარიშები, თუ გამოვლინდება ტრანზაქცია, რომელიც არღვევს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
როგორც „კომერსანტს“ ბანკში განუცხადეს, არსებული ინფორმაცია ეტაპობრივად „თიბისის“ ყველა მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დაეგზავნება.
„2022 წლის თებერვლიდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას დაუწესეს სხვადასხვა სახის სანქცია, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს რუსეთის და რუსეთთან დაკავშირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესება. მათ შორისაა, აქტივების გაყინვა, ბლოკირება, ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, პროდუქციის მიწოდების შეზღუდვა და სხვა.
სანქციები ვრცელდება როგორც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან რუსეთის მიმართულებით გარკვეული პროდუქციის პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტზე, ასევე, რუსეთიდან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიმართულებით საქონლის ექსპორტის ოპერაციებზე.
სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები“, — აღნიშნავენ „თიბისი ბანკში“