სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივების ჩამორთმევა პარასკევს განხორციელდა. თანხა კი უკრაინის დახმარებას მოხმარდება, ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან იუსტიციის დეპარტამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ისტორიაში პირველად, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას ვაძლევ ავტორიზაციას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მას შემდეგ მოხდა, რაც აპრილში რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავუყენეთ ბრალი“, – განაცხადა აშშ-ის გენპროკურორმა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა შეერთებულ შტატებს დაუღალავი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩვენ 5,4 მილიონი აშშ დოლარის ჩამორთმეული აქტივების ომით განადგურებული უკრაინისთვის გადაცემის მოწმენი ვართ. მადლობლები ვართ შეერთებული შტატების ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. უკრაინელი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს“, - განაცხადა კოსტინმა.
ივნისში აშშ-მა მალოფეევის მილიონობით დოლარი დააყადაღა. გასულ კვირას მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ პროკურატურას მალოფეევის კუთვნილი 5,4 მილიონი დოლარის კონფისკაციის ნება დართო.