სანქტ-პეტერბურგის ცა პულკოვოს რაიონში უცნობი ობიექტის გამო დაკეტილია. რუსული მედიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. ხალიჩის გეგმა, რომელიც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება. ამ გეგმის ამოქმედების შემთხვევაში ყველა საფრენი აპარატი, გარდა სამხედრო და სამაშველოსი, მიწაზე უნდა დაეშვას. რუსული მედიის ცნობით, აფრინდა ავიაგამანადგურებლებიც, საჰაერო სივრცე კი 200 კილომეტრის რადიუსში დაიხურა.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ზოგიერთი რადიო და ტელეარხის ეთერით გადაიცა გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის გამო თავშესაფრებში გადასვლის შესახებ. შეტყობინება გავრცელდა მოსკოვის, ლენინგრადის, ბელგოროდის, სვერდლოვსკის და ვორონეჟის ოლქებში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და რადიო და ტელეარხების ეთერით გასული ინფორმაცია ტყუილია.