საპარლამენტო ოპოზიცია, მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იწონებს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ უნდა დაძლიოს.
„[კანონპროექტით] კიდევ უფრო ძლიერდება რეპრესიული აპარატი. ამიტომ, ვეტოს დადებას, ერთი მხრივ, ჰქონდა სწორი, საქმიანი შინაარსი, მეორე მხრივ - პოლიტიკური დატვირთვა“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.
ამ შეფასებას იზიარებენ „გირჩშიც“.
„კანონპროექტი კიდევ უფრო აძლიერებდა მთავრობის ძალაუფლებას ადამიანის მიმართ. მთავრობას შეეძლო, მოესმინა და ეთვალთვალა ადამიანებისთვის, რამდენი ხანიც მოუნდებოდა. ამაზე ევროპისგან კრიტიკაც მივიღეთ. მგონი, ქალბატონმა პრეზიდენტმა სწორი ვეტო დაადო. მმართველ პარტიას ვურჩევ, რომ ეს ვეტო არ დაძლიოს“, - ამბობს ჰერმან საბო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს და ამას დიდი სიხარულით გააკეთებს. ნებისმიერი ვეტო და შეგონება მგლის თავზე სახარების კითხვასავითაა. კანონი, რომელიც ადამიანების უფლებებს ზღუდავს და ძალოვნებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტად ჩაერიოს პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ევროპული სტანდარტის შესაბამისი ვერ იქნება“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ახლა პარლამენტი სალომე ზურაბიშვილისგან მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული უნდა იყოს.