მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, საპარტნიორო ფონდის რეფორმირება იწყება. მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მისი განხილვა მიმდინარეობს.
რეფორმირების შემდეგ „საპარტნიორო ფონდს“ სახელი შეეცვლება და „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა. სახელწოდების გარდა იცვლება და მკაცრდება პროექტების თანადაფინანსების კრიტერიუმები, გარდა ამისა ფონდის დაფინანსების წყარო არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი.
პარლამენტში მოსმენაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ ფონდის დაფინანსების წყარო საკუთარი პროექტებიდან მიღებული შემოსავლები და ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები იქნება.
„იმედი მაქვს პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს და ამის შემდეგ 90 დღის გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც მოხდება ახალი სახით ფონდის მოწყობა. ამის შემდეგ გადაწყდება რიგი საკითხები.
კანონი უშვებს, რომ ადგილობრივი ინვესტორებისგანაც გვქონდეს დაფინანსების მოძიების საშუალება და უცხოელებისგანაც”- განაცხადა ვახტანგ ჯორბენაძემ.
ძალაში რჩება ფონდის დაფინანსების აქამდე არსებული წყაროები, რომლებიც შემდეგია:
ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებისთვისაც ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;
გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;
ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;
ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
კანონპროექტის მიხედვით, ფონდის მიზანი იქნება: ა)კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა; ბ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება; გ) ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობის გზით; დ) ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება.