ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს.
„როდესაც ჩვენ კანონპროექტი გაგვქონდა, მაშინაც ვაცხადებდით, რომ პირველი ორი წელი საფინანსო ბაზრის ინსტრუმენტებში ანუ ძირითადად დეპოზიტებში შეიძლება წასულიყო.
ეს მოლოდინები რეალურად არსებობს, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან უფრო მეტად უნდა დაიწყოს და სხვა ალტერნატიულ ინსტრუმენტებში, ალეტრნატიულში ვგულისხმობ არაფინანსური და არასახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, არამედ რეალურ სექტორში უნდა ჩაიდოს.
ასევე სახელმწიფო საწარმოებიც მინდა შევიყვანო იმიტომ, რომ პოტენციალი მანდ არის და ბუნებრივია კომერციულ სექტორშიც“, – განაცხდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.
თუ მთავრობა გადაწყვეტს სახელმწიფოო კომპანიებში ინვესტირებას, ეს ამ საწარმოების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საშუალებით მოხდება. სახელმწიფო საწარმოები გამოუშვებენ ფასიან ქაღალდებს, რომლებსაც საპენსიო შეისყიდის. ობლიგაციებში ინვესტირებული თანხა კი გარკვეული დროის შემდეგ ფონდმა კონკრეტული საპროცენტო სარგებლით უნდა დაიბრუნოს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კომპანიების ზარალი წლიდან წლამდე იზრდება. უკანასკნელი მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში 200-ზე მეტი საწარმოა. სახელმწიფო საწარმოები გვხვდებიან, თითქმის ყველა სექტორში. სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში როგორებიცაა, ლოჯისტიკა, გადაზიდვები კომუნალური მომსახურება და სახვა. თუმცა, ამ საწარმოების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მათი უმრავლესობა წამგებიანია.
მაგალითად, მხოლოდ 2018 წელს მათმა ჯამურმა ზარალმა 805 მილიონი ლარი შეადგინა.
ბანკები და ფინანსები