საქართველოს საპენსიო სააგენტო სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად ახალ ტენდერს გამოაცხადებს. საპენსიო სააგენტოსთვის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს ამჟამად “საქართველოს ბანკი” ასრულებს.
საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ივლისში იწურება, შესაბამისად ახალ ტენდერის გამოცხადება არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე იგეგმება.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრებმა მიმოიხილეს 2021 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული სპეციალიზებული დეპოზიტარული ხელშეკრულების (SDA) პირობები, რომლის ვადის გასვლის თარიღია 2023 წლის 31 ივლისი. საბჭომ აღნიშნა, რომ მომდევნო სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევად, კონკურსი საჭიროა ჩატარდეს ამჟამინდელ სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი თვით ადრე, რათა SDA-ის ვადის ამოწურვისას შერჩეული იყოს სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამონაცვლე, რომელიც ამავდროულად მზად იქნება გასწიოს შესაბამისი მომსახურება. საინვესტიციო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ახალი კონკურსისთვის წინადადების შეთავაზების დოკუმენტი (RFP) უკვე მზადების პროცესშია, ხოლო თავად კონკურსის გამოცხადება 2022 წლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბჭო იწვევს ყველა პოტენციური მონაწილეს, მათ შორის, ამჟამინდელ სპეციალიზებულ დეპოზიტარს და წინა კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც შეეძლებათ გამოხატონ ინტერესი ახალ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
დღევანდელი მდგომარეობით, საპენსიო ფონდში სულ 2.87 მილიარდი ლარია განთავსებული, რაც 1.3 მილიონი დასაქმებულის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს.
საპენსიო სააგენტოს სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საპენსიო აქტივების ერთადერთი დეპოზიტარია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისობაში აღრიცხვას და შენახვას.