საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69% შეადგინა.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.95 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 438 მილიონი ლარია.
საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში.
საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 2.0% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.2% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.5% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 63.0% არის განთავსებული.