კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლებმა 13 თებერვლიდან, კომპანიის შენობასთან, სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყეს. მოთხოვნების ჩამონათვალი 10 პუნქტს მოიცავს.
ეს პუნქტებია
1. ხელფასების 30%-იან ზრდას;
2. საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაციას;
3. საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვას;
4. ღირსეულ და უსაფრთხო შრომით პირობებს;
5. აპროტესტებენ ქარხანაში არსებულ ანტისანიტარიას და ითხოვენ მის მოწესრიგებას;
6. დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟისა და მუქარის აკრძალვას;
7. კოლექტიურ შეთანხმებას;
8. მენეჯმენტის ბრალეულობის გამო ქარხნის სრულფასოვან ფუნქციონირებას;
9. დამფუძნებლებთან შეხვედრას, რადგან მიაჩნიათ რომ ადგილობრივი მენეჯმენტი განზრახ აზიანებს და აკოტრებს ქარხანას;
10. კომპანია ცდილობს დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას, მათ შორის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქეებით ჩანაცვლებას.
როგორც გაფიცულები აცხადებენ, არის ძალიან ბევრი დარღვევა შრომის უსაფრთხოების მხრივ, ასევე არის პრობლემები ანტისანიტარიასთან დაკავშირებით. მათ შორის ის რომ ქარხანაში მუშაობს მხოლოდ ერტი დამლაგებელი და ამასთან საპირფარეშოს არ აქვს კარი
„საპირფარეშოს კარი არ აქვს და ვყარაულობთ ერთმანეთს“ - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში „კომერსანტს განუცხადეს, მსგავსი საწარმოების შემოწმება სისტემატურად ხდება და ამ დრომდე საწარმოო პროცესთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა. თუმცა უწყება აპირებს საკითხი შეისწავლოს. შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა არც შრომის ინსპექციაში.
„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და კომპანიის კომენტარის მოპოვებისთანავე მასალა განახლდება.