ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც გაქირავებული ბინის ქირას დამქირავებელი არ იხდის, მესაკუთრე კი ბინიდან მის გამოშვებას ვერ ახერხებს. საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება წლებია აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა, რომელმაც ბინა იქირავა და თანხას ვერ ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად სასამართლოს უნდა მიმართოს, საქმის განხილვას კი შესაძლოა წლები დასჭირდეს.
„საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ თავმჯდომარე, ადვოკატი ნინო ლიპარტია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თავის დროზე ხელისუფლების მიერ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმება დიდი შეცდომა იყო, რადგან საკუთრების უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად საქართველოს მოქალაქეს სასამართლო და აღსრულების ბიურო რჩება. იმისთვის, რომ უწყებას საქმე გადაეცეს, ლიპარტიას განმარტებით, აუცილებელია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სასამართლოში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა.
„წინა ხელისუფლების დროს ე.წ. საპოლიციო გამოსახლება შევიდა ძალაში, რომელიც ძალიან მარტივად ახერხებდა სასამართლოს გარეშე საკუთრების უფლების დაბრუნებას. თუმცა იქაც იყო პრობლემა, რომ თუ ხელშეკრულება არსებობა დგინდებოდა მაშინაც პოლიცია თავს იკავებდა გამოსახლებისგან და ამბობდა რომ ეს უკვე მხარეთა შორის დავაა და ეს სასამართლოს განსახილველია, მაგრამ საპოლიციო გამოსახლება მაინც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. 2013 წელს, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, საკანონმდებლო ცვლილების შემდგომ ე.წ. საპოლიციო გამოსახლება გააუქმა. საკუთრების უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად საქართველოს მოქალაქეს სასამართლო და აღსრულების ბიურო რჩება. იმისთვის, რომ უწყებას საქმე გადაეცეს, აუცილებელია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც სასამართლოში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა. საპოლიციო გამოსახლების გაუქმება მესაკუთრეთა უფლებების და ინტერესების დაცვის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია“, — ამბობს ლიპარტია.
იურისტი განმარტავს, რომ სასამართლო დავა შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაჭიანურდეს, მითუმეტეს, რომ სასამართლოს გადატვირთულობის ამბავი არახალია. როგორც წესი გასაჩივრება სამივე ინსტანციაში ხდება, რაც მინიმუმ 2 წელი გრძელდება. მისი თქმით, სასამართლო დავის დასრულების შემდგომ სააღსრულებო მოქმედების დაგეგმვასა და გამოსახლების პროცედურას, თავის მხრივ, დამატებითი დრო სჭირდება. როგორც ლიპარტია ამბობს, სასამართლო და სააღსრულებო წარმოება დროსთან ერთად, ფულად რესურსთან არის დაკავშირებული. ამასთან, მისი განცხადებით დაყოვნებულ პერიოდზე დაკისრებული ქირის თანხა, დამქირავებლის ქონებრივი რესურსის არ არსებობის შემთხვევაში, ვერ იქნეს ბინის მესაკუთრისათვის გადახდილი.
„სასამართლო პროცედურის დასრულების შემდგომ უკვე სააღსრულებო პროცედურა იწყება, სადაც სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი გამოსახლების პროცედურას იწყებს, რომელიც თავის მხრივ ასევე დროში გაწელილი პროცესია. დრო რა თქმა უნდა მესაკუთრის სასარგებლოდ არ მუშაობს. გარდა ამისა პანდემიის დროს გამოსახლებების პროცესს არ ახორციელებდა აღსრულების ბიურო და შესაბამისად დაგროვილია ძველი საქმეები, ახლანდელები კი კიდევ უფრო მეტად გადაიწევს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს 3 ინსტანციის შემდეგ, მხარეებს უკვე უწევთ აღსრულების ბიუროს ლოდინი, სააღსრულებო პროცესის განხორციელება და გამოსახლება. გამოსახლება რომ დასრულდება, შემდეგ უკვე ნივთი ბრუნდება ხშირ შემთხვევაში სავალალო მდგომარეობაში, რის შემდეგაც რეაბილიტაცია უკვე დამატებითი ხარჯია. გარდა ამისა, როდესაც ეს ისტორია უკვე გავლილი აქვს მესაკუთრეს თავს იკავებს შემდგომი ქირავნობისგან, რაც ბაზარს ამცირებს“, — აღნიშნავს ნინო ლიპარტია.
ადვოკატი „კომერსანტთან“ ასევე განმარტავს, რა უნდა გააკეთოს მესაკუთრემ, იმისათვის, რომ აღნიშნული რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
„ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად დადონ ხელშეკრულება მქირავებელთან და ის შეადგენინონ იურისტს, სადაც უნდა იყოს დამატებითი გარანტიები ჩაწერილი, რაც იმის საშუალებას გვაძლევს რომ სამივე ინსტანციის საჭიროება აღარ დადგეს. ასევე საჭიროა აღწერილი იყოს თუ რა მდგომარეობაში გადაეცა ნივთი და დასურათებული იყოს ყველაფერი, რათა დაბრუნებისას იგივე მდგომარეობაში თუ არ დატოვებს ქონებას, მოხდება შესაბამისი რეაგირება და ბოლოს უზრუნველყოფის თანხა შეუძლია მოსთხოვოს დამქირავებელმა მქირავებელს არაუმეტეს 3 თვისა“, — ამბობს ლიპარტია.