ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა 1990-იანების წარსულში ბრუნდება.
“მე შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე ამბებით, ქვეყნიდან, რომელიც ადრე მაგალითს აძლევდა სხვებს და ახლა ისევ უბრუნდება თავის ტურბულენტურ წარსულს, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია”, — წერს ფოტიგა “ტვიტერზე”.
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრობის” ლიდერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — გირაოს — დამძიმებას და პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილნი იყვნენ პარტიის ლიდერები და მხარდაჭერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ “ფიზიკურად დაიცავდენ ნიკა მელიას” და პოლიციას არ მისცემდნენ მისი დაკავების საშუალებას.
დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას.