მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენისთვის ბერლინში საქართველოს მთავარი პავილიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა მთავარ პავილიონში მთავარი სტენდითაა წარმოდგენილი.
„დასკვნით ეტაპზეა ჩვენი ქვეყნის მთავარი პავილიონის მშენებლობა ბერლინში და პირველი კონტურებიდან უკვე ჩანს, რომ საქართველოს სტენდი იქნება განსაკუთრებული ITB ბერლინის სხვა მონაწილე ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს ღირსეულად და სწორად წარმოედგინა ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა, ისევე როგორც ის სიძველე, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 80-ზე მეტი ქართული კომპანია, რომლებსაც ასევე ექნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოფენის მსვლელობისას ბიზნესურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო, წამყვანი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
„გვექნება ძალიან დატვირთული რამდენიმე დღე, ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია მთავარ პავილიონში მთავარი სტენდით, ამავდროულად, გვექნება ცალკე სტენდი სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონში, ისევე, როგორც მთავარ შემოსასვლელში - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველო კვლავ იქნება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში და ITB ბერლინის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანას მისცემს ძალიან დიდ, ახალ ბიძგს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.
„დარწმუნებულები ვართ, ITB ბერლინის დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყანა ტურიზმის ინდუსტრიას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენ შევძლებთ ვუმასპინძლოთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს საქართველოში - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.