უახლოეს მომავალში საქართველო საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს დაასრულებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მეზღვაურთა სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს მათი შრომის უფლებებს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა გააკეთა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო სივრცეში საგრძნობლად გაზრდილია ქართველ მეზღვაურების მიმართ ნდობა და შესაბამისად მათზე მოთხოვნაც, რაც აისახება კიდეც დასაქმების მაჩვენებლებში.
„ჩვენ, როგორც საზღვაო ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული ვალდებულებები გვეკისრება, ხელი შევუწყოთ მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას და ამ თვალსაზრისით, შევამსუბუქოთ ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის გავლენა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში. ქართველი მეზღვაურები საკუთარი პროფესიონალიზმით, უდრეკი ხასიათით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებით“, - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მეზღვაურთა პრობლემებს და ნებისმიერ დროს მზად არის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სრული და მაღალ პროფესიონალური დახმარება გაუწიოს მათ.
სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საზღვაო დარგში რეფორმები წარმატებით გრძელედება.
„უახლოეს მომავალში საქართველო დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენი სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს თქვენი შრომის უფლებებს“, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.